ექიმებისათვის | პაციენტებისათვის | წევრებისათვის | ჯანმრთელობის დაცვა
GEO | ENG
მიზნები და ამოცანები

საქართველოს ექიმთა ასოციაცია (სეა) წარმოადგენს ექიმთა დამოუკიდებელ, პროფესიულ გაერთიანებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში მოღვაწე ექიმთა პროფესიული და პერსონალური საჭიროებების მხარდასაჭერად. ასოციაცია აერთიანებს მედიცინის ყველა სპეციალობის ექიმს ქვეყნის მთელი მასშტაბით. ასოციაცია წარმოადგენს ექიმ-პროფესიონალთა და მედიკოს სტუდენტთა ხმას ქვეყნის ჯანდაცვის ოფიციალური სტრუქტურების და მმართველობის წინაშე. ასოციაცია დაინტერესებულია, რათა მისი წევრები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საკითხების ფორმირებაში. სეა მიზნად ისახავს ექიმთა აქტიურ ჩაბმას მათი მოქალაქეობრივი, პროფესიული და  სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების დაცვაში; ხელს უწყობს ქვეყანაში მოსახლეობის სამედიცინო დახმარების ხარისხის და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას.

საქართველოს ექიმთა ასოციაცია მუდმივად ისწრაფვის შეასრულოს საწესდებო ამოცანები და ამით ხელი შეუწყოს დასახული მიზნის მიღწევას. ასოციაციის საქმიანობა მოიცავს ქვეყნის ძირითად ტერიტორიას, ასევე საზღვარგარეთის ზოგიერთ ქვეყანას, სადაც სეა-ის ინტერესთა კოორდინაცია ხორციელდება ასოციაციის წარმომადგენლების მიერ. ასოციაცია მიზნების რეალიზაციას ახორციელებს მის სტრუქტურაში მყოფი კომიტეტების საშუალებით.

საქართველოს ექიმთა ასოციაციის ამოცანებია: ჯანდაცვის სისტემის დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა, ექიმთა უფლებების დაცვა, ექიმთა პროფესიული სრულყოფის მხარდაჭერა, სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია, ეკოლოგიური და დემოგრაფიული პრობლემების გაშუქება, ბიოსამედიცინო ეთიკა, ახალგაზრდა ექიმთა დახმარება, სასწავლო, სამეცნიერო და პრაქტიკული ღონისძიებების ორგანიზაცია და წარმართვა, ექიმთა და სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზირება-აკრედიტაცია, უწყვეტი სამედიცინო განათლება და უწყვეტი პროფესიული განვითარება (უსგ/უპგ); საკანონმდებლო ორგანოსთან მჭიდრო ურთიერთობა და ექიმთა ინტერესების ლობირება.

საქართველოს ექიმთა ასოციაცია ეხმარება ექიმებსა და პაციენტებს და ამის მისაღწევად ხელს უწყობს ექიმთა გაერთიანებას საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უმნიშვნელოვანესი პროფესიული საკითხების მიმართულებით სამუშაოდ.